
სტეფანი მაიერი
თავი მეექვსე
საზარელი ისტორიები
ჩემს ოთახში ვიჯექი და ყურადღების გამახვილებას `მაკბეტის~ მესამე აქტზე ვცდილობდი, სინამდვილეში კი სმენად ვიყავი გადაქცეული იმის იმედად, რომ ჩემი პიკაპის ძრავის ხმაურს გავიგონებდი. არადა, ტყუილად ვირჯებოდი, რადგან გარეთ თავსხმა წვიმა იყო.
პარასკევს სკოლაში წასვლა არ მინდოდა. ჩემი ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა. ყველა მარტო გუშინდელ ამბავზე ლაპარაკობდა.
განსაკუთრებით აღტყინებული კი ჯესიკა ჩანდა. საბედნიეროდ, მაიკლს კრინტი არ დაუძრავს ამ ისტორიაში ედვარდის მონაწილეობაზე. ჯესიკას ისედაც მრავლად ჰქონდა კითხვები.
განსაკუთრებით აღტყინებული კი ჯესიკა ჩანდა. საბედნიეროდ, მაიკლს კრინტი არ დაუძრავს ამ ისტორიაში ედვარდის მონაწილეობაზე. ჯესიკას ისედაც მრავლად ჰქონდა კითხვები.
_ რატომ დაგიძახა ქალენმა? _ ტრიგონომეტრიაზე მკითხა.
_ არ ვიცი, _ გულწრფელად მივუგე, _ არ აუხსნია.
_ ისეთი სახე გაქვს! _ არ დაცხრა ის.
_ როგორი? _ მშვიდად დავაზუსტე.
_ ისე, შენი მშვენივრად მესმის. ის ხომ არასდროს არავისთან მჯდარა თავისი ნათესავების გარდა. თავბრუდამხვევია!
_ ჰო, ალბათ, _ კვერი დავუკარი.
ჯესიკამ შავი კულული თითზე შემოიწნა, იმედოვნებდა, რომ ჭორაობის საბაბს მივცემდი.
საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ხომ ჩინებულად ვიცოდი, რომ ედვარდი დღეს არ გამოჩნდებოდა, მაგრამ მაინც ველოდებოდი. სასადილოში ჯესიკასა და მაიკლის თანხლებით შესულს თვალი მაინც გამექცა ქალენების მაგიდისკენ და რაკიღა გამახსენდა, რომ ედვარდს ორშაბათამდე ვერ ვნახავდი, გუნება მთლად წამიხდა.
ჩვენს მაგიდასთან მოსალოდნელ მგზავრობაზე მსჯელობდნენ. მაიკი ჩინებულ გუნებაზე გახლდათ, რადგან ადგილობრივი მეტეოროლოგები დარს წინასწარმეტყველებდნენ. მე ნაკლებ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობია. თუმცა, დღეს შედარებით დათბა, 15 გრადუსი მაინც იქნებოდა. ეგებ ლაშქრობა მართლაც იღბლიანი გამოდგეს.
ლანჩის დროს ლორენის ამრეზილი მზერა შევნიშნე, რომლის აზრს მაშინღა ჩავწვდი, გასასვლელისკენ ერთად რომ გავემართეთ. კვალდაკვალ მივყვებოდი და თითქმის ვეხებოდი მის ფერფლისფერ თმას.
_ არ მესმის, რატომ ზის ბელა ჩვენთან, _ დამცინავად წარმოთქვა ჩემი სახელი ლორენმა, _ და არა ქალენებთან.
არასდროს შემიმჩნევია, რა უსიამო ხმა ჰქონდა. ნეტავ რატომაა გულმოსული ჩემზე, გასაყოფი რა გვაქვს?
იმ საღამოს ჩარლიმ გულწრფელი ინტერესით გამომკითხა ლა-პუშში მოსალოდნელი ლაშქრობის შესახებ. ეტყობა, თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ მთელი უქმეები კენტად ვზივარ. თუმცაღა, ჩვევები მეტისმეტად განმტკიცებული ჰქონდა იმისათვის, რომ ახლა რაიმეს შეცვლა ეცადა. რასაკვირველია, ყველა მათგანის ვინაობა იცოდა, ვისთან ერთადაც უნდა მემგზავრა, ის კი არა, მათ მშობლებსა და ბებია-ბაბუებსაც იცნობდა. მაშასადამე, ჩემს ღირსეულ მხლებლებად მიაჩნდა. ნეტავ, ქალენთან ერთად სიეთლში გამგზავრებასაც მომიწონებდა? ცხადია, ამაზე საუბარს მასთან არ ვაპირებდი.
_ მამა, რენიეს მთების სამხრეთით მდებარე კლდეები იცი? _ ვითომ სასხვათაშორისოდ ვკითხე.
_ დიახ, მერედა რა?
_ ჩემი სკოლელები იქაურობის დალაშქვრას აპირებენ.
_ ლაშქრობისთვის უპრიანი ადგილი არ უნდა იყოს, _ შენიშნა ჩარლიმ, _ იქ დათვები იცის, ამიტომ უფრო ხშირად სანადიროდ დადიან.
_ გასაგებია, _ წავიბურტყუნე, _ ესე იგი, რაღაც შემეშალა.
შაბათს ძილის გაბრტყელება მინდოდა, მაგრამ ფანჯრიდან გადმოღვრილმა მზის სხივებმა არ დამანება. თვალებს არ დავუჯერე და ფანჯარას ვეძგერე. მართლაცდა, მზე კაშკაშებდა... ჰორიზონტს ღრუბლები შემოჯარვოდნენ, მაგრამ მათ შორის ლაჟვარდოვანი ცა კამკამებდა.
მაღაზია `ნიუტონთა ოლიმპიური აღჭურვილობა~ ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობდა. იქ ნამყოფი გახლდით, მაგრამ მაღაზიაში ფეხიც არ შემიდგამს, რადგან სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენება სულაც არ მეპიტნავებოდა. ავტოსადგომზე მაიკის `შევროლე~ და ტაილერის `ნისანი~ იდგა. ერიკიც იქვე იყო, ორ სხვა თანაკლასელ ბიჭთან ერთად, რომლებსაც, თუ მეხსიერება არ მღალატობდა, ბენი და ქონერი ერქვათ. ჯესი ანჯელასა და ლორენთან ერთად მოვიდა, მათ კიდევ სამი გოგო მოჰყვათ. ერთმა მათგანმა მრავალმნიშვნელოვანი მზერა მტყორცნა და ლორენს რაღაც გადაულაპარაკა. იმან ფერფლისფერი თმა ფაფარივით შეიბერტყა, იისფერ თვალებში კი ზიზღი გაუკრთა.
ვგრძნობ, მშვენიერი დღე მექნება!
სამაგიეროდ, მაიკს ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა.
_ კეთილი იყოს შენი მობრძანება! _ სიხარულით წამოიყვირა, _ ხომ გითხარი, გამოიდარებს-მეთქი.
_ მეც ხომ შეგპირდი, რომ მოვიდოდი.
_ ლის და სამანტასღა ველოდებით... თუ შენ არავინ დაგიპატიჟებია, _ ფრთხილად დასძინა.
_ არა, _ ვიცრუე იმ იმედად, რომ ტყუილში ვერ გამომიჭერდნენ. ეგებ, სასწაული მოხდეს და ედვარდი გამოჩნდეს? ამის გულისთვის მზად ვიყავი, ნიუტონს ცრუპენტელა ვგონებოდი.
მაიკმა შვებით ამოიოხრა.
_ ლის ფურგონით წამოხვალ, თუ ჩემი მანქანით?
_ რასაკვირველია, შენი მანქანით.
მაიკს სახე გაებადრა, მისი გახარება იოლი იყო.
_ ჰოდა, გვერდს დამიმშვენებ, _ შემპირდა ის.
ესღა მაკლდა. მაიკისა და ჯესიკას ერთდროულად გახარება ძნელია. გოგო უკვე აიმრიზა.
თუმცა, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ლიმ კიდევ ორი ბიჭი მოიყვანა, ამიტომ ფურგონში ტევა არ იყო. ჯესი `შევროლეში,~ ჩემსა და მაიკს შორის ჩავკვეხე, რითაც ამ უკანასკნელის წყრომა დავიმსახურე. სამაგიეროდ, ჯესიკა გაიბადრა!
ფორქსიდან ლა-პუშამდე სულ 15 მილი იყო. გზა ტყეში, მდორე მდინარის გასწვრივ მიიკლაკნებოდა. რა კარგია, რომ ფანჯარასთან დავჯექი. `შევროლეში~ 9 კაცი გაჭირვებით ეტეოდა, ფანჯარა გავაღე და სახე მზის მოკრძალებულ სხივებს მივუშვირე.
ჩარლისთან სტუმრობისას ლა-პუშში ხშირად ვყოფილვარ, ამიტომ კარგად ვიცნობდი პირველი პლაჟის ნახევარმთვარის ფორმის ისარას. არაჩვეულებრივი სანახაობა იყო: მზის კაშკაშა შუქზეც კი პირქუშად მომზირალი, ქაფმოდებული ტალღები ქვიან პლაჟს ეხლებოდა. ყურის ჭაღარა წყალზე მაღალი ფიჭვებით მოფენილი, კლდოვანი ციცქნა კუნძულები მიმოფანტულიყო. სილას წყლისპირას თუ წააწყდებოდი, მერე კი თითქოსდა რუხი, სინამდვილეში კი ნაირფრად მოელვარე ქვები მოჩანდა: ნარინჯისფერი, ფირუზისფერი, კობალტისფერი და მქრქალი ოქროსფერი. მოქცევას ნაპირზე გამოერიყა ზღვის მარილნაჭამი უზარმაზარი ხეები.
სუფთა ჰერი იოდის სუნით გაჟღენთილიყო. ტალღების თავზე ვარხვები დაქროდნენ, მაღლა ცაში კი ირაოს კრავდა არწივი. ჰორიზონტზე ცა საავდროდ მოიქუფრა, თითქოსდა ჩვენი გუნების წასახდენად, მაგრამ ლაჟვარდოვან კუნძულს მაინც მზე დაჰნათოდა და გულებს იმედით გვითბობდა.
მანქანიდან გადმოვედით, მაიკი მასპინძელივით წინ წაგვიძღვა, კოცონისთვის დახვავებული ფიჭვის რტოებისგან. ეტყობა, აქაურები ხშირად მართავენ პიკნიკს. ერიკმა და ბენმა მშრალი ტოტები შეარჩიეს და ძველებს გარშემო კონუსივით შემოუწყვეს.
_ როდისმე გინახავს სატივე ხეტყე? _ მკითხა მაიკმა.
მარილისგან თეთრად შეფეთქილ ფიჭვის ტოტზე ვიჯექი, მოკისკისე გოგოების გვერდით. მაიკი კოცონისკენ დაიხარა და პატარა ტოტს სანთებელით ცეცხლი წაუკიდა. ფიჭვმა ისეთი ნაპერწკლები გაყარა, თითქოს შესადუღებელი ქურა ყოფილიყოს.
_ არა, _ მივუგე მე და თვალი მივადევნე, როგორ დებდა ალმოდებულ ტოტს ფიჩხისგან გაკეთებული კონუსის შუაში.
_ მაშინ, დაგაინტერესებს, ნახე, რა ფერია! _ მან მეორე ტოტსაც წაუკიდა ცეცხლი და პირველს გვერდით მოუდო. ფიჩხი მაშინვე აალდა.
_ ცისფერი ალი აქვს, _ გავოცდი.
_ მარილისგან. მაგარია, არა? _ მაიკმა კიდევ ერთ ტოტი შეუკეთა ცეცხლს და გვერდით მომიჯდა. საბედნიეროდ, ჯესიკამ მეორე გვერდი დაუმშვენა და ალაქლაქდა.
მდუმარედ ვუცქერდი, როგორ ტკარცალებდა მოცისფრო-მომწვანო ალი და ნაპერწკლებს ყრიდა.
საათნახევრიანი მუსაიფის შემდეგ ბიჭებმა ყურეს გამოკვლევა მოიწადინეს. დიდად არ მეპიტნავა. ერთი მხრივ, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა თავთხელში თამაში, და ჩარლისთან სტუმრობისას ყოველთვის მოუთმენლად ველოდი პლაჟზე გამგზავრებას; მეორე მხრივ, ერთი-ორჯერ ღრმა ორმოში გადავეშვი და დაზაფრული ძლივს ამოვბობღდი. მახსოვს, ჩარლიმ ძლივს დამაწყნარა! თანაც, ედვარდმაც მთხოვა, ოკეანეში არ ამოჰყო თავიო.
გადაწყვეტილების მიღებაში ლორენი დამეხმარა. ფეხით სიარული არ უნდოდა _ ცხადია, ამხელა ქუსლებზე გაუჭირდებოდა კიდეც. ამიტომ, ანჯელამ და რამდენიმე გოგონამ მასთან ერთად დარჩენა გადაწყვიტეს კოცონთან. მათი დაცვა ტაილერსა და ერიკს დაევალა. მე მარდად წამოვხტი და მაიკის გასახარად ყურესკენ მიმავლებს შევუერთდი.
არცთუ დიდი ხნის სასიარულო გახდათ, მაგრამ როცა აშოლტილმა ხეებმა მზის სხივები შთანთქა, გულმა რეჩხი მიყო. მღვრიე მწვანე სინათლე ცუდად ესატყვისებოდა ჩემს მოხარხარე თანმხლებთა სკაბრეზულ ოხუნჯობებს. დინჯად მივაბიჯებდი, ფრთხილად ვუვლიდი გვერდს აქა-იქ აამოჩრილ ფესვებს. მალე ტყის პირას გავედით და თვალწინ კვლავ ქვიანი პლაჟი გადაგვეშალა. მიქცევა დაიწყო და ნაკადულებმა გეზი ზღვისკენ აიღეს.
ჩემი წინანდელი თავგადასავლების შიშით, ძალზე ფრთხილად ვიქცეოდი. ჩემი მხლებლები კი გულიანად ერთობოდნენ: კლდეებზე დახტოდნენ. ლოდზე ჩამოვჯექი ყველაზე დიდ ყურესთან და მოცისფრო წყალს ჩავაცქერდი. უხილავი დინება ნახევრად გამჭვირვალე ანემონებს არწევდა, ქვიან ფსკერზე კიბორჩხალები დაბობღავდნენ, ნაპირს ზღვის ვარსკვლავები ეკვროდნენ, კაშკაშა მწვანე წყალმცენარეებში ზურგზე თეთრზოლიანი პატარა შავი გველთევზა დასრიალებდა... ბუნებრივი აკვარიუმის ცხოვრებამ მომხიბლა, თუმცა ედვარდი წამითაც არ დამვიწყებია, ვფიქრობდი, ნეტავ სად არის და რას აკეთებს, ანდა რას მეტყოდა, აქ რომ იყოს-მეთქი.
ბოლოს და ბოლოს ბიჭებს მოშივდათ და იძულებული გავხდი, უკნ გავყოლოდი. ამჯერად უფრო სწრაფად მივდიოდი და რამდენჯერმე წავიქეცი, ხელისგულები გადავიტყავე და ჯინსიც დავსვარე. გული არ გავიტეხე, უარესიც შეიძლებოდა დამმართნოდა.
პირველ პლაჟზე დაბრუნებულებმა აღმოვაჩინეთ, რომ სტუმრები გვწვეოდნენ. მბზინავი თმითა და ბრინჯაოსფერი კანით თუ ვიმსჯელებდით, ბიჭები რეზერვაციიდან იყვნენ. ლორენი და სხვა გოგოები საკვებით გაუმასპინძლდნენ, რომელსაც ბიჭები მთელი კვირის დამშეულებივით დაეძგერნენ. ერიკმა სტუმრებს კოცონთან მსხდომნი წარუდგინა. მე და ანჯელა იქ მყოფებს ყველაზე გვიან შევუერთდით და როცა ერიკმა ჩვენი სახელები წარმოთქვა, ერთ-ერთმა ინდიელმა ინტერესით შემავლო თვალი. მაიკმა სენდვიჩები და კოლა მოგვიტანა, სტუმართაგან უფროსმა საკუთარი თავი და შვიდი თანმხლები წარმოგვიდგინა. მარტო ის დავიმახსოვრე, რომ ერთ-ერთ გოგოს ჯესიკა ერქვა, ბიჭს კი, რომელსაც მოვეწონე _ ჯეიკობი.
ანჯელასთან ჯდომა გაცილებით უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე ჰიპერაქტიურ ჯესიკასთან. დინჯად ვილუკმებოდით და ჩვენ-ჩვენ საფიქრალს მივცემოდით. ჩემი ცხოვრება ფორქსში ძალზე უცნაურად აეწყო. ზოგჯერ დრო მიქრის და მოვლენები ერთ გადღაბნილ ლაქად იქცევა ხოლმე, ზოგჯერ კი მიზოზინებს და თითოეული სიტყვა ან საქციელი მკაფიოდ იბეჭდება მეხსიერებაში. მიზეზი ძნელი მისახვედრი როდი იყო და სწორედ ეს მაღონებდა.
სადილისას ცა მაინც მოიქუფრა, ტალღები მაშინვე გამუქდა, ხეებს კი მოგრძო, ავის მომასწავებელი ჩრდილები გაუჩნდა. სენდვიჩებს ბოლო მოუღეს თუ არა, კომპანია მომცრო ჯგუფებად დაიშალა. ზოგი წყლისკენ დაეშვა, წვერმახვილ კლდეებზე სკუპ-სკუპით, სხვებმა ისევ ყურეს დათვალიერება მოიწადინეს. მაიკი, ცხადია, ჯესიკასთან ერთად, რეზერვაციაში მდებარე რომელიღაც მაღაზიისკენ გაეშურა. ზოგი ინდიელი მათ გაჰყვა, ზოგიც _ ყურესკენ მიმავლებს. თითქმის ყველა დაიშალა, კოცონთან მარტო დავრჩი. სადღაც, შორიახლო, ლორენი და ტაილერი დისკებს უსმენდნენ სამიოდე ინდიელთან ერთად, ყველაზე უფროსისა და ჯეიკობის ჩათვლით. შესახედავად ბიჭი, 14 ან 15 წლისა იქნებოდა. შავი მბზინვარე თმა, გლუვი მოწითალო კანი, ნუშისებური თვალები და წამოწეული ყვრიმალები ჰქონდა. დროთა განმავლობაში ალბათ ძალიან ლამაზი ჭაბუკი დადგებოდა. თუმცა, როგორც კი ხმა ამოიღო, გუნება მაშინვე წამიხდა.
_ იზაბელა სუონი ხარ, არა? _ მისმა კითხვამ სკოლაში მისვლის პირველი საძაგელი დღე გამახსენა.
_ ბელა, _ ოხვრით შევუსწორე.
_ ჯეიკობ ბლექი ვარ, _ ბიჭმა ხელი გამომიწოდა, _ მამაჩემის პიკაპი შენ შეიძინე.
_ ჰო, მართლაც, _ შვებით მოვუჭირე ხელი გამოწვდილ მარჯვენაზე, _ ბილის ვაჟი ხარ, როგორ არ გამახსენდა!
_ მე ხომ ნაბოლარა ვარ. ჩემი დები კი ალბათ გახსოვს.
_ რეიჩელი და რებეკა!
ჩარლი და ბილი ხშირად მიდიოდნენ სათევზაოდ და მარტო დარჩენილები ვთამაშობდით. ძალიან მორცხვნი ვიყავით საიმისოდ, რომ დავმეგობრებულიყავით, 11 წლისას კი თავი უკვე ქალაქელად მომქონდა.
_ აქ არიან? _ ზურგშექცევით მიმავალ გოგოებს თვალი გავაყოლე. ნეტავ თუ ვიცნობ ძველ ნაცნობებს?
_ არა, _ თავი გააქნია ჯეიკობმა, _ რეიჩელმა ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩააბარა, რებეკა კი სერფერს მისთხოვდა და ჰავაის კუნძულებზე ცხოვრობს.
_ გათხოვდა? _ წამოვიყვირე. გოგოები სულ ერთი წლით იყვნენ ჩემზე უფროსები.
_ პიკაპი როგორ მოგწონს? _ დაინტერესდა ჯეიკობი.
_ შესანიშნავია. მხეცივით მანქანაა!
_ ჰო, განსაკუთრებით, ძრავი! _ გაიცინა ბლექმა, _ ისე გამიხარდა, ჩარლიმ რომ იყიდა, მამაჩემი ხომ ახლის აწყობის ნებას არ მრთავდა, სანამ პიკაპი გვყავდა.
_ მხეცივით ღმუის, _ ისევ გავიხუმრე, _ სამაგიეროდ, საიმედოა.
_ მაგ ურჩხულს ტანკიც ვერ გაუმკლავდება, _ ჩაიცინა ჯეიკობმა.
_ შენ რა, მანქანებს აწყობ? _ გამიკვირდა.
_ თავისუფალ დროს. შემთხვევით ხომ არ იცი, 1986 წლის გამოშვების `ფოლქსვაგენის~ ცილინდრების ბლოკი სად უნდა ვიშოვო? _ წაიოხუნჯა მან.
_ არა, _ გამეცინა მეც, _ თუ შევიტყვე, აუცილებლად გაცნობებ.
გეგონება, ცილინდრებში ვერკვეოდე! თუმცა, ბიჭს არა უშავს.
ჯეიკობმა გაიღიმა და ქათქათა კბილები გამოაჩინა. ინტერესით მიცქერდა, რაც მარტო მე არ შემინიშნავს.
_ ბელას იცნობ, ჯეიკობ? _ ჩაეძია ლორენი.
_ შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან, _ თვალისმომჭრელად გაუღიმა ბლექმა.
_ საიტერესოა, _ კბილებში გამოცრა ლორენმა და თვალები მოწკურა, _ იცი, ბელა, მე და ტაილერი ახლა სწორედ იმაზე ვწუხდით, რომ ქალენები დღეს ჩვენთან ერთად ვერ წამოვიდნენ. რა, არავინ დაპატიჟა? _ ვითომ გაუკვირდა.
_ მხედველობაში გყავს ექიმ ქარლაილ ქალენის ოჯახი? _ ლორენისდა სავალალოდ, ყელაზე უფროსი ინდიელი ჩაერია, რომელიც მამაკაცს უფრო ჰგავდა, ვიდრე ჭაბუკს, ხმაც კი მოწიფული კაცისა ჰქონდა.
_ კი. იცნობ? _ შემწყნარებლურად ჰკითხა ლორენმა.
_ ქალენები აქ არ დადიან, _ ბიჭმა ისე მოუჭრა, თითქოს მისი კითხვა ვერც გაიგო.
ტაილერმა ლორენის ყურადღების მიქცევა სცადა და ჰკითხა, რომელი დისკის მოსმენა გნებავსო. ლორენი ძალიან დათრგუნვილი ჩანდა.
გაოცებულმა შევხედე უფროს ინდიელს, მაგრამ მან ზურგი მაქცია და ტანმაღალ ფიჭვებს ახედა. `ქალენები აქ არ დადიან~ ისეთი ტონით იყო ნათქვამი, თითქოს ეს მათ ეკრძალებოდათ.
_ რა ფორქსი ჭკუიდან გშლის? _ ფიქრი ჯეიკობმა შემაწყვეტინა.
_ რბილად ნათქვამია, _ დავიჯღანე. ბიჭმა თანაგრძნობით გამიღიმა.
ჯერ კიდევ იმ უცნაურ ფრაზაზე ვფიქრობდი, როცა გონება გამინათდა. იმედია, ნორჩი ჯეიკობი ქალების ყურადღებით ჯერჯერობით განებივრებული არაა და ვერ შენიშნავს, რომ ფლირტი სხვა მიზეზით წამოვიწყე.
_ გინდა, პლაჟზე გავისეირნოთ? _ შევთავაზე თვალდახრილმა. ბიჭი მაშინვე წამოხტა. თუმცა, მეტ ეფექტს ველოდი.
სანამ ფერად-ფერად ქვებზე მივაბიჯებდით მდინარის შესართავისკენ, ცა კიდევ უფრო გამუქდა და ტემპერატურაც მკვეთრად დაეცა.
_ რამდენი წლის ხარ, თექვსმეტის? _ ჩავეკითხე წამწამების იდიოტური ხამხამით, ტელესერიალის პერსონაჟივით.
_ თითქმის თხუთმეტის, _ ჩემი ყურადღება აშკარად ეამა.
_ მართლა? _ გავიკვირვე, _ უფრო მეტისას ჰგავხარ.
_ უბრალოდ ძალიან მაღალი ვარ ჩემი ასაკისთვის, _ ამიხსნა ჯეიკობმა.
_ ფორქსში ხშირად ჩამოდიხარ? _ დადებითი პასუხის მოლოდინით ვკითხე. ღმერთო, რა იდიოტივით ვიქცევი.
_ არც ისე, _ ნაღვლიანად მომიგო ჯეიკობმა, _ აი ავაწყობ `ფოლქსვაგენს~ და უფრო ხშირად ჩამოვალ, ცხადია, მართვის მოწმობას რომ ავიღებ, მერე.
_ ის ბიჭი ვინაა, ლორენს რომ ელაპარაკება? ძალიან ასაკოვანია ჩვენი კომპანიისთვის, _ განგებ ვთქვი `ჩვენი,~ რომ ჯეიკობი მიმხვდარიყო: უპირატესობას ახალგაზრდებს ვანიჭებ.
_ სემი ჰქვია, 19 წლისაა.
_ რს ამბობდა ექიმის ოჯხზე? _ მიამიტად ვკითხე.
_ ქალენებზე? იმათ აკრძალული აქვთ რეზერვაციაში ჩამოსვლა, _ ყოყმანით წარმოთქვა ჯეიკობმა. ჩემი ეჭვები გამართლდა.
_ რატომ?
_ საერთოდ, ამაზე ლაპარაკი მეკრძალება, _ ტუჩების კვნეტით წარმოთქვა ბიჭმა.
_ ნუ ღელავ, არსად კრინტს არ დავძრავ, _ მაცდურად გავუღიმე. ეტყობა, მიზანში მოვარტყი. ჯეიკობი შეიჭმუხნა და ყრუდ ალაპარაკდა.
_ საზარელი ისტორიები გიყვარს? _ ავის მომასწავებლად მკითხა.
_ ვგიჟდები! _ აღტყინებით წამოვიძახე. ჯერჯერობით დავიყოლიე.
ჯეიკობი წყლის ნაპირთან დაგდებულ ხეზე მოკალათდა, რომლის ტოტებიც გამოფიტული ობობას საცეცებს ჰგავდა, მე კი ღია კრემისფერ ტოტზე ჩამოვჯექი. ნორჩ ინდიელს ბაგეზე ღიმილი დასთამაშებდა. ეტყობა ფიქრობდა, უკეთ როგორ მოეყოლა ზღაპარი. გაცხოველებული ინტერესით მივაჩერდი.
_ მდინარე ქვილეთის ისტორია გსმენია? ჩვენი ტომი ოდესღაც მის ნაპირებთან ცხოვრობდა, _ ფიქრიანად წამოიწყო.
_ არ მსმენია, _ ვაღიარე.
_ ბევრი ლეგენდა არსებობს. ზოგიერთი ჰყვება, წარღვნის დროს უძველესმა ქვილეთებმა _ ასე ეწოდებოდა ტომს _ როგორ მიაბეს კანოე ყველაზე მაღალი ფიჭვების კენწეროებზე, რათა თავი და ბავშვები გადაერჩინათ. ზუსტად ისე, როგორც ნოემ მოიმოქმედა! _ ცალყბად ჩაიღიმა ჯეიკობმა, _ სხვა ლეგენდებში ნათქვამია, თითქოს მგლებისგან ვიშვით. ჩვენი ტომის წევრები დღემდე მათ ძმებად მიიჩნევენ თავს და მგლის მოკვლაც დანაშაულად ითვლება. კიდევ, არსებობს გადმოცემა `მკრთალსახიანებზე,~ _ ძლივს გასაგონად განაგრძო ჯეიკობმა და მივხვდი, რომ მარტო ევროპეიდული რასის წარმომადგენლებს არ გულისხმობდა.
_ მკრთალსახიანებზე?
_ ჰო, მათ `ცივებსაც~ უწოდებენ. ზოგიერთი თქმულება ძალიან ძველია, ზოგიც უფრო ახალი. ერთ-ერთი ლეგენდით, ჩემი დიდი ბაბუა `მკრთალსახიანი~ იყო და თავის მოძმეებს ჩვენს ტერიტორიაზე გამოჩენა აუკრძალა.
_ შენი დიდი ბაბუა თეთრკანიანი იყო? _ ჩავეკითხე იმ იმედით, რომ თხრობას გააგრძელებდა.
_ ჰო, და ბელადიც იყო, მამაჩემივით. საქმე ისაა, რომ `მკრთალსახიანები~ მგლებს მტრობენ, ნამდვილ მგლებს კი არა, ჩვენი წინაპრებივით მაქციებს.
_ მაქციებს მტრები ჰყავთ?
_ მხოლოდ ერთი.
გაშტერებული ვუცქერდი და ვიმედოვნებდი, რომ ჯეიკობს არ აკვირვებდა ჩემი მოუთმენლობა.
_ `მკრთალსახიანები~ ჩვენი ძველისძველი მტრები არიან, მაგრამ ისინი, ვინც ბაბუაჩემის დროს გამოჩნდნენ, სხვანაირები იყვნენ. თავიანთი წინამორბედებისგან განსხვავებით, ისინი არ ნადირობდნენ და ერთი შეხედვით, უწყინარნიც ჩანდნენ. მაშინ ბაბუაჩემმა მათთან ზავი დადო: თუ ისინი ჩვენს მიწაზე არ შემოიჭრებოდნენ, მაშინ არც ჩვენ გადავცემდით მათ თეთრკანიანებს.
_ თუ უწყინარნი იყვნენ, გარიგება რაღად სჭირდებოდათ? _ გავოცდი და ვაგრძნობინე, რომ ყურადღებად ვიყავი გადაქცეული.
_ `მკრთალსახიანებთან~ ცხოვრება ძალზე საშიშია, თუნდაც ცივილიზებულებს ჰგავდნენ. ნებისმიერ დროს შეიძლება დაიმშნენ და ჯანყი მოაწყონ.
_ რას ნიშნავს `ცივილიზებულებს ჰგავდნენ~?
_ ისინი ირწმუნებოდნენ, ადამიანებზე არ ვნადირობთ, ცხოველებსაც ვჯერდებითო.
_ მერედა, რა შუაში არიან ქალენები? ისინი რა, შენი დიდი ბაბუის დროის `მკრთალსახიანებს~ ჰგვანან?
_ სწორედაც ეგენი არიან `მკრთალსახიანები~!
ეტყობა დამფრთხალი ვჩანდი, რადგან ჯეიკობმა კმაყოფილებით ჩაიღიმა და განაგრძო.
_ ახლა `მკრთალსახიანებს~ კიდევ ორნი შეემატნენ, დანარჩენები კი აქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ. მათ უფროსს, ქარლაილს ჯერ კიდევ ჩემი დიდი ბაბუა იცნობდა. ის აქ თეთრკანიანების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე მოვიდა.
_ მერედა, _ გაოგნებულმა ვკითხე, _ ვინ არიან, რას წარმოადგენენ ეს `მკრთალსახიანები~?
ბიჭმა ავის მომასწავებლად ჩაიცინა.
_ სისხლისმსმელები! _ გამყინავი ხმით წარმოთქვა, _ შენი თანამოძმენი მათ ვამპირებს უწოდებენ.
გონს მოსასვლელად აქაფებულ ტალღებს მივაჩერდი.
_ დაგბურძგლა! _ ხალისით მაცნობა ჯეიკობმა.
_ მშვენიერი ისტორიაა, _ დაბნეულმა შევაქე, წყლისთვის თვალმოუცილებლად.
_ ჩემი აზრით კი _ საზარელი. გასაკვირი არაა, რომ მამაჩემი ამის მოყოლას მიკრძალავს.
_ ნუ გეშინია, არ გაგცემ.
_ მგონი, ეს-ესაა მიცემული სიტყვა გავტეხე, _ ნერვულად ჩაიცინა ბიჭმა.
_ გეფიცები, ამ ისტორიას სამარეში ჩავიტან, _ წამოვაყრანტალე და მაშინვე გულისრევა ვიგრძენი.
_ მთავარია, ჩარლის არ მოუყვე. ისედაც ბრაზობდა მამაჩემზე, როცა ჩვენიანებმა ქალენთან მკურნალობაზე უარი თქვეს.
_ გპირდები, რომ არ ვეტყვი.
_ ახლა ცრუმორწმუნე ველურებად მიგაჩნივართ, ხომ? – ვითომდა ხუმრობით იკითხა ჯეიკობმა, მაგრამ ხმა გამცემლურად აუკანკალდა.
_ არაფერიც! მშვენიერი მთხრობელები ხართ. ხედავ, ისევ დამბურძგლა, _ ხელი ვაჩვენე.
_ მაგარია! _ გაეღიმა ბიჭს.
კენჭები ახრაშუნდა და ერთდროულად თავაწეულებმა ჩვენკენ ფეხაჩქარებით მომავალი მაიკი და ჯესიკა დავინახეთ.
_ აი სად ყოფილხარ, ბელა! _ შვებით წამოიყვირა მაიკმა და ხელი დამიქნია.
_ შენი ბოიფრენდია? _ მაიკის ხმაში გამკრთალმა ეჭვმა ჯეიკობი დააფრთხო. ნორჩი ბლექი საოცრად საზრიანი აღმოჩნდა.
_ რა თქმა უნდა, არა! _ შეთქმულივით წავუსისინე. რაკიღა ბლექის მადლიერი გახლდით, გადავწყვიტე რაიმეთი მესიამოვნებინა და თვალი ეშმაკურად ჩავუკარი. ჩემი მოუქნელი ფლირტით ნაამებმა ჩაიღიმა.
_ მართვის მოწმობას რომ ავიღებ... _ დაიწყო მან.
_ ფორქსში მესტუმრე. სადმე გავისეირნოთ, _ ურცხვად ვიცრუე. ხომ ვიცოდი, რომ ფენიქსში მანამდე დავბრუნდებოდი, სანამ ჯეიკობი 16 წლისა შესრულდებოდა.
მაიკი და ჯესიკა მოგვიახლოვდნენ. მაიკმა ჯეიკობს ეჭვიანი მზერა სტყორცნა. რომ შეეძლოს, სატელეგრაფო ბოძზეც იეჭვიანებს.
_ სად იყავი? – მკაცრად მკითხა, თუმცა პასუხი ისედაც ნათელი გახლდათ.
_ ჯეიკობი ადგილობრივ ლეგენდებს მიყვებოდა. ძალიან საინტერესო იყო.
_ კეთილი, _ მაიკი დამშვიდდა, რადგან მიხვდა, რომ მართლაც მეგობრები ვიყავით, _ მგონი, ჩვენი წასვლის დროა. წვიმას აპირებს.
_ ჰოდა, წავიდეთ, _ წამოვდექი.
_ სასიამოვნო იყო, _ მაიკის გულის გასახეთქად თქვა ჯეიკობმა.
_ ჩემთვისაც. მორიგ ჯერზე, როცა ჩარლი ბილის სანახავად წამოვა, ვთხოვ, რომ წამომიყვანოს.
_ მაგარია! _ ჩაიცინა ბლექმა.
კაპიუშონი წამოვიხურე და მანქანისკენ ფრთხილი ნაბიჯებით გავემართე. ცრიდა და წვიმის წვეთები კლდეებზე მუქ ლაქებს ტოვებდა. `შევროლეს~ რომ მივადექით, დანარჩენები უკვე მოკალათებულიყვნენ. უკანა სავარძელში, ანჯელასა და ტაილერს შორის ჩავჯექი. ანჯელა ფანჯრიდან წვიმის ბობოქრობას უმზერდა, ტაილერი ლორენთან საუბარში გაერთო. საზურგეს მივეყრდენი, თვალები დავხუჭე და შევეცადე, არაფერზე მეფიქრა.
0 коммент.:
Post a Comment