
შენ ჩემი შვილი ხარ, მაგრამ თუ გეტყვი, რომ ხუთი თითივით გიცნობ, ეს, სულ მცირე, ილუზია იქნება.
იმიტომ, რომ ადამიანი არ არის ის, რასაც გარშემომყოფები მასზე ფიქრობენ; არც ისაა, რასაც ის საქმიანობს; არც ის, რასაც ფიქრობს საკუთარ თავზე. ადამიანი არაა მისი გამოცდილება, ცოდნა, ინტელექტი, მსოფლმხედველობა, კრედო ან ცხოვრების წესი. ადამიანი გაცილებით რთული ფენომენია. და ჩვენ რომ ვიცოდეთ, რა არის ადამიანი, მაშინ ურთიერთობებში პრობლემები აღარ გვექნებოდა - არავისთან!
მე ვიცი, რომ შენ ახლა ძალიან განიცდი, უფრო სწორი იქნებოდა, მეთქვა: ამას ვგრძნობ. განა არა, უწინაც ყოფილა ამგვარი შემთხვევები, მაგრამ რაღაცნაირად ართმევდი თავს. ამასთან, სულ ვფიქრობდი, რომ ჩემი გამოცდილება ვერაფერს შეგმატებდა, აგიხსნიდა ან დაგეხმარებოდა, რადგან ესეც ილუზიაა, რადგან არ არსებობს მზა რეცეპტები და მადლობა ღმერთს, რომ არ არსებობს! მაშინ ცხოვრება ძალზე მოსაწყენი იქნებოდა.
ახლა შენ კაეშანი გთანგავს, ღამღამობით ჩუმად ტირი, მერე საზარელ სიზმრებს ებრძვი, დილით კი ისე გამოიყურები, თითქოსდა ღამით არ გეშინოდა, არ გტკიოდა, სასოწარკვეთილებას არ ეძლეოდი... დილით ჩემთან ერთად სვამ ყავას და მეკითხები: "სიგარეტი აღარ დაგრჩა?" სანამ შინიდან გახვალ, სახლში "ბერლინის აღების მიზანსცენებს" აწყობ და კარის გახურვის წინ აუცილებლად მწაპნავ ხუთთეთრიანს ლიფტისთვის.
გვიან ღამემდე ჩვენ ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს. არც კი გირეკავ, თუმცა ვიცი, რომ ახლა, სწორედ ახლა ძალიან გჭირდება ვიღაც, ვინც ერთადერთ სწორ სიტყვებს გეტყვის. მე არ მაქვს ეს სიტყვები, არც კი ვიცი, როგორია ისინი ანდა საერთოდ არსებობს თუ არა...
სამაგიეროდ, შემიძლია გითხრა, რომ გაუსაძლისი ტკივილი არ შეიძლება ხანგრძლივი იყოს; რომ განთიადი აუცილებლად დგება, პოლარული ღამის შემდეგაც კი; რომ სიყვარული ათასჯერ შეიძლება გეწვიოს და ყოველ ჯერზე გეგონოს, რომ: "აჰ, არა, ეს სრულებით სხვაა, უწინ ამგვარი არაფერი განმიცდია"; რომ თუ მიგატოვეს...
თუმცა, სანამ ამ წინადადებას დავასრულებ, ჯობია გკითხო: შენ რა, სრულებით მარტოსული არ მოევლინე ამ ქვეყანას? მარტომ არ გაიარე იმ ტანჯვისა და ტკივილის გზა, ურომლისოდაც ამ გრავიტაციულ სამყაროში ვერ მოხვდებოდი? განა აქედანაც მარტო არ წახვალ, როცა ამის დრო მოაწევს? განა მარტოობა სულის აბსოლუტურად ნორმალური მდგომარეობა არაა? განა საკუთარი თავის გარდა, ვინმეს შეუძლია შეგივსოს ჟღერადი სიცარიელე, დროდადრო რომ გულ-მუცელს გიწვავს?
პატარა იყავი, როცა ამ ქვეყნიდან ის კაცი წავიდა, რომელიც მიყვარდა, ურომლისოდაც არც კი ვიცოდი, როგორ ან რისთვის უნდა მეცხოვრა. ძალიან დიდხანს ისე მტკიოდა, როგორც ახლა შენ გტკივა. მეგონა, უსასრულოდ გაგრძელდებოდა ასე, რადგან ვერ ვიპოვე ძალა საკუთარ თავში, რომ "გამეშვა," თუმცა სრულებით უსუსური ვიყავი სიკვდილის წინაშე. მერჩივნა, ცოცხალს მივეტოვებინე.
მერე კი, რა თქმა უნდა, გათენდა, რადგან სხვაგვარად არც შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან ეს სიცოცხლის, თავად მისი საზრისის უარყოფა იქნებოდა.
ადამიანი თავის მდგომარეობას თვითონ უძებნის და არქმევს სახელს. მერე კი თავსაც შესაბამისად გრძნობს. თუ ფიქრობ, რომ მიგატოვეს, შეურაცხგყვეს, თავმოყვარეობა შეგილახეს, გატკინეს, სწორედაც რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდები და რაც ყველაზე მთავარია - ამის უფლება თავად მიეცი! გამოდის, რომ ახლა ისა ხარ, რასაც საკუთარ თავზე ფიქრობ.
არადა, სულ სხვა ხარ. უნიკალური ხარ და მხოლოდ სარკეში მეორდები.
არადა, შეგიძლია იყო ბედნიერი, თუკი თავს ამის უფლებას მისცემ.
არადა, ცხოვრება ისეთივე მშვენიერია, როგორც სიტყვა "თავისუფლება."
არადა, არჩევანი შენზეა: შეგიძლია ხედავდე ვარსკვლავებით მოოჭვილ ცას ანდა ატალახებულ მიწას. ერთხელ იმ კაცმა, მარადისობაში რომ გადავიდა მერე, მითხრა: Мужчина он - как колодец, а женщина заглядывает в этот колодец в надежде, увидеть там звезды, забывая, что звезды бывают только на небе и только ночью!
ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია შენი ცხოვრება შეცვალოს, შენ ხარ.
თუ გგონია, რომ მიგატოვეს - გაუშვი. ის არც ცუდი იყო და არც კარგი. უბრალოდ, მასაც ჰქონდა არჩევანის უფლება.
თუ თავს უბედურად გრძნობ - იტირე. ის დროც მოვა, როცა ბედნიერებისგან წამოგცვივა ცრემლები. როცა უნისონში ისუნთქებ იმასთან, ვისაც ეყვარები და გეყვარება.
თუ ნუგეში გჭირდება - მე აქ ვარ.
მიყვარხარ.
12 коммент.:
იყო დრო, ანალოგიური, შეიძლება ცოტა სხვა ფორმით, მეც მითხარი. დაგიჯერე და კიდევ კარგი, რომ დაგიჯერე. ეგეც, ჩემსავით, თვითონ მოვა შენთან, ჩაგეხუტება და დაგიჯერებს.
ძალიან მიყვარხარ სეს. ძალიან მართალი და ძლიერი ადამიანი ხარ.
მენატრები. ერთი სული მაქვს, როდის ჩამოხვალ. :)
იცი, შენი ნაწერები მკითხება და მეკითხებაა. არ მიყვარს მარტო კომენტარი, კომენტარისთვის, არც ის მიყვარს გადაჭყლარტულად რომ წერენ. აქ მომწონს ზაან:)
matasi, ძალიან გამახარე! :)
wow! ძალიან იმოქმედა!
ძალიან კარგი ხარ და მადლობა რომ ხარ საერთოდ და მადლობა რომ ამის წაკითხვის საშუალება მომეცა მეც,ძალიან მჭირდებოდა
ra kargi iko :)
mec minda dedas aseti blogi hqondes da werdes ..
momewona :))
Sweet,
თაკა,
kikito,
babisa,
მეც მადლობელი ვარ იმისათვის, რომ ხართ ამ სამყაროში და მიხარია, რომ თუნდაც პატარა შვება მოგანიჭეთ! :)
me kargad maxsovs is dge,roca pirvelad sehni komentari cavikitxe chams blogze.es is dro iyo, rodesac dilit tvalebs ver vaxeldi:(
ubralod madlob.mets sityvebit ver gadmogcem.
me kargad maxsovs is dge,roca pirvelad sehni komentari cavikitxe chams blogze.es is dro iyo, rodesac dilit tvalebs ver vaxeldi:(
ubralod madlob.mets sityvebit ver gadmogcem.
Roisin, может увидимся как-нибудь?
Post a Comment